ინსპექტორის აპარატმა მონაწილეობა მიიღო CEEDPA-ს მე-17 სხდომაში

2015-04-29 12:55:10

2015 წლის 29-30 აპრილს ალბანეთის ქალაქ დურესში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) რიგით მე-17 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს და ასევე ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტს (T-PD) წარმოადგენდა ნინო სარიშვილი - საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.

ნინო სარიშვილმა ისაუბრა 2014 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინსპექტორის ახალ ფუნქციაზე - ზედამხედველობა განახორციელოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ დანაშაულის გამოძიების და პრევენციის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.

ნინო სარიშვილმა თავის მეორე მოხსენებაში მიმოიხილა ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის ერთწლიანი საქმიანობა, მიღებულ გადაწყვეტილებები და არსებული გამოწვევები, მისი მოხსენების კიდევ ერთი თემა იყო დიდი მონაცემთა ბაზები - ე.წ. Big Data, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადისკუსიო თემას წარმოადგენს.

„აღნიშნული გაერთიანება აერთიანებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტრიბუნაა, სადაც ევროპელ კოლეგებს წარვუდგენთ ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ინსპექტორის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, წელს ფოკუსი გვქონდა ინსპექტორის გაზრდილ უფლებამოსილებაზე. მე, როგორც ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტს (T-PD) ბიუროს წევრი, სხდომაზე საქართველოსთან ერთად, წარმოვადგენდი ევროპის საბჭოს. ჩვენ ვთვლით, რომ მსგავს ფორუმებზე მონაწილეობით, ჩვენ ვზრდით ინსპექტორის აპარატის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე“ - აღნიშნა ნინო სარიშვილმა.

საქართველო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) წევრი 2014 წელს წევრი-ქვეყნების სრული მხარდაჭერით გახდა.