დასრულდა ვიზა ლიბერალიზაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შემფასებელი მისიის ვიზიტი

2015-03-02 12:54:49

 

2015 წლის 23-27 თებერვალს, თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ვიზა ლიბერალიზაციის შემფასებელი მისია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, რომლის მიზანიც იყო შეესწავლა, თუ როგორ ხდება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის იმპლემენტაცია და შესრულებულია თუ არა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები.

5 დღის განმავლობაში ევროკომისიის წარმომადგენელი პერ იბოლდი და ევროკავშირის ექსპერტი გრაჰამ სატონი დეტალურად გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობას, მუშაობის სპეციფიკას, წელიწად-ნახევრის განმავლობაში განხორცელებულ აქტივობებს, პირადად შეხვდნენ აპარატის თანამშრომლებს და მათგან მოისმინეს საქმიანობის აღწერა და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები. ასევე, ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს როგორც სხვადასხვა სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან და მოისმინეს, თუ როგორ ხდება მათ მიერ პერსონლაური მონაცემების დამუშავება. შეხვედრები გაიმართა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე.

ვიზიტის შედეგად მომზადდება ანგარიში, რომლის საფუძველზეც ევროკომისიის მიერ შემუშავდება დასკვნა საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

„ევროკავშირის შემფასებელი მისიის ვიზიტი საქართველოსთვის და კონკრეტულად ჩვენი აპარატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების წინაპირობაა. ჩვენ მათ დაწვრილებით გავაცანით აპარატის საქმიანობა, როგორც ინსპექტირებების და მოქალაქეთა განცხადებების განხილვის პროცედურები, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ტრენინგების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. ვესაუბრეთ 2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებზე და ზოგადად, თუ როგორ მიმდინარეობს კანონის პრაქტიკაში დანერგვა.“ - აღნიშნა ნინო სარიშვილმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.

საქართველო-ევროპის კავშირის სავიზო დიალოგის პროცესი 2012 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ევროპის კავშირის მიერ შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებას სხვადასხვა მიმართულებით. 2014 წლის შემოდგომაზე საქართველომ წარმატებით ჩახურა სამოქმედო გეგმის პირველი (საკანონმდებლო) ფაზა და ამჟამად მიმდინარეობს მეორე (საიმპლემენტაციო) ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასება ევროპის კავშირის მიერ.