პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი მიმდინარეობს

2015-01-24 12:43:33

2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება და მისი მანდატი. ინსპექტორის კონტროლი უკვე ვრცელდება კერძო სექტორსა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე. ამდენად, შეიცვალა აპარატის სტრუქტურა და გაიზარდა საშტატო რიცხოვნება. ახალი კადრების შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი.

რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა დეპარტამენტების ფუნქციები. შეიქმნა იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა: მოქალაქეთა განცხადების განხილვა, საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის, ფიზიკური პირებისთვის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა, სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებების განხილვა, კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება.

ცალკე ჩამოყალიბდა ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებაზე, დეპარტამენტი ასევე განახორციელებს სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობაზე ეფექტურ კონტროლს.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციასა და აპარატის წარმომადგენლობაზე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, საგანმანათლებლო საქმიანობასა და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევაზე.