პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
2014-07-30 12:35:13დღეს, 30 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების პროექტი პირველი მოსმენით 84 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი პარლამენტში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორმა, თამარ ქალდანმა წარადგინეს.
პლენარულ სხდომამდე კანონპროექტების პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს. კომიტეტის სხდომაზე ერთობლივად იმსჯელეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტისა და ე.წ. „უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტის“ შეჯერების შესახებ.
საკანონმდებლო ცვლილებებით, იცვლება ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი და მისი არჩევა მოხდება საქართველოს პარლამენტის მიერ ხმათა უმრავლესობით. ასევე, იზრდება ინპექტორის უფლებამოსილება და იგი კონტროლს საპოლიციო სექტორშიც განახორციელებს. პროექტის მიხედვით, კანონის მოქმედება გავრცელდება დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების, ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ მონაცემთა დამუშავებაზე.
კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა წრე და იზრდება მათი დაცვის გარანტიები, იზღუდება და მკაცრდება გენეტიკური მონაცემების დამუშავების წესი. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწასაც.
კანონპროექტის მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, მონაცემთა დაცვის ქმედითი მექანიზმების უზრუნველყოფა, დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ეფექტიანი საქმიანობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართ და ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნას.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში დანერგვა ხელს შეუწყობს ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.