საქართველოს პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცვლილებების პაკეტის განხილვა იწყება
2014-07-28 12:33:40ხვალ, 29 ივლისს, 12 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის 17 ივლისს წარუდგინა.
კანონპროექტები მომზადდა ინსპექტორის თამარ ქალდანის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების ექვს კანონში და მისი მიზანია ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში კანონმდებლობის დახვეწა, მონაცემების დაცვისა და მოქალაქეთა უფლებების რეალიზებისთვის ეფექტური გარანტიების შექმნა, ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.
საკომიტეტო მოსმენაზე მომხსენებელები არიან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - შალვა თადუმაძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - თამარ ქალდანი.