ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის საპარლამენტო კომისარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეხვდა

2014-11-21 12:32:31

2014 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის საპარლამენტო კომისარი ვალერია ლუტკოვსკაია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი უკრაინელი კოლეგებისთვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გაცნობა იყო.

შეხვედრაზე თამარ ქალდანმა ისაუბრა აპარატის საქმიანობის და ინსპექტორის მანდატის შესახებ, თუ როგორია საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ინსპექტორის ანგარიშვალდებულება და როგორ ახორციელებს აპარატი ამ ეტაპზე ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვასა და ზედამხედველობას.

ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის საპარლამენტო კომისრის ვალერია ლუტკოვსკაიას თქმით, საქართველოს და უკრაინას, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ბევრი აქვთ საერთო და გამოცდილების გაზიარება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ამასთან ორივე ქვეყანა არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ კონკრეტული ვალდებულებები შესასრულებელი.

მთელი დღის განმავლობაში კომისრის წარმომადგენელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში მარკიან ბაემი ინსპექტორის მოადგილეს ნიკა ბრეგვაძეს, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს ნინო სარიშვილს და აპარატის იურისტებს შეხვდა. მათ ისაუბრეს აპარატის საქმიანობის ერთი წლის შესახებ, განიხილეს მოქალაქეთა განცხადებების თემატიკა და ორგანიზაციების ინსპექტირებების მეთოდოლოგია. მარკიან ბაემმა დაათვალიერა ინსპექტორის აპარატის ოფისი და აღნიშნა, რომ საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით დიდი პროგრესი აქვს, რომელიც უკრაინისთვის სამაგალითოა და გამოცდილების გაზიარება უკეთ მუშაობაში დაეხმარება.

მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ თანაშრომლობაზე.

ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის საპარლამენტო კომისრის ვიზიტი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოგალერეა.