საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები იზრდება
2014-07-24 12:32:02კანონპროექტები მომზადდა ინსპექტორის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცვლილებების მიზანია ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში კანონმდებლობის დახვეწა, მონაცემების დაცვისა და მოქალაქეთა უფლებების რეალიზებისთვის ეფექტური გარანტიების შექმნა, ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.
საზედამხედველო ორგანოს ლეგიტიმაციის ხარისხის გაზრდის მიზნით, იცვლება ინსპექტორის დანიშნვის წესი. კანონპროექტის თანახმად, ინსპექტორს 3 წლის ვადით აირჩევს საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან. ევროპული ქვეყნების გამოცდილებისა და „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის ანალოგიის გამოყენებით, კანონპროექტი ითვალისწინება ინსპექტორის ხელშეუხებლობის გარანტიებსა და შემოწმების განხორციელების მიზნით ნებისმიერ დოკუმენტისა და ინფორმაციის, მათ შორის სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლებამოსილებას.
ფართოვდება ინსპექტორის უფლებამოსილება, რაც გულისხმობს 2014 წლის ბოლოდან მისი მანდატის სრულად გავრცელებას კერძო სექტორის მიმართ და ასევე ზედამხედველობის განხორციელებას გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, დანაშაულის პრევენციის და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.
კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა წრე და იზრდება მათი დაცვის გარანტიები, იზღუდება და მკაცრდება გენეტიკური მონაცემების დამუშავების წესი, რადგან ამ სახის მონაცემთა უკანონოდ შეგროვება, შენახვა ან გავრცელება ქმნის პირადი ცხოვრების ხელყოფისა და დისკრიმინაციის საფრთხეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწასაც. ამ მიზნით მოქალაქეთა მონაცემების დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირის თანხმობა ან მონაცემები ხელმიწავდომია საჯარო წყაროებიდან. ამასთან, მოქალაქეს საშუალება ექნება კომპანიას გამარტივებული ფორმით ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მისი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა.
კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკანონმდებლო დონეზე ვიდეოთვალთვალთან, ბიომეტრულ მონაცემებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ხარვეზების შევსება და მონაცემთა დამმუშავებელთა ვალდებულებების მკაფიო ფორმულირება.