თომას ჰამარბერგი: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს
2014-07-10 12:29:59საქართველოში საკონსტიტუციო და იურიდიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩევლმა თომას ჰამარბერგმა რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
დოკუმენტი განკუთვნილია საქართველოს მთავრობისთვის და მასში საუბარია იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც ქვეყანამ სხვადასხვა სფეროში მიაღწია.
რეკომენდაციები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდა, გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო და სახელმწიფოსა და პარტიული ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა, პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით არსებული პროგრესი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესება, ახალი შრომის კოდექსის მიღება, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, არასამთავრობო სექტორთან და თავისუფალ მედიასთან ღია თანამშრომლობა.
თომას ჰამერბერგი საუბრობს იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, მათ შორისაა, ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დასრულება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
დოკუმენტის მე-5 თავი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ფარული მიყურადებას ეხება. ჰამერბერგის თანახმად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, განსაკუთრებით კი წარსულში არსებული დარღვევების გათვალისწინებით.
ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანიშვნას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ ფუნქციების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და სათანადო ფინანსური რესურსები.
„რამდენადაც საქართველოში ადრე არასდროს არსებობდა მსგავსი ტიპის ინსტიტუცია, და ინსპექტორის აპარატი, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე, იქმნება ნულიდან, აუცილებელია სახელმწიფო დაფინანსების საკმაო რაოდენობის გამოყოფა მისი შემდგომი გაზრდა-განვითარებისათვის“ - აღნიშნავს თომას ჰამერბერგი.
2014 წლის 4-9 ივნისს დასკვნითი ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი შეხვდა მთავრობის, პარლამენტის, სასამართლო სისტემის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე სახალხო დამცველს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს.
რეკომენდაციები ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.