საქართველომ გაეროში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ანგარიში წარადგინა
2014-07-10 12:29:492014 წლის 10-11 ივლისს, ქალაქ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მთავრობის მე-4 პერიოდული ანგარიში განიხილება.
ანგარიშის განხილვა კომიტეტის 111-ე სესიაზე მიმდინარეობს.
საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე იმსჯელეს, თუ რამდენად ასრულებს საქართველო საერთაშორისო პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს, გაეროს კომიტეტის წევრების შეკითხვებს ქართული დელეგაციის წევრებმა უპასუხეს.
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის საერთაშორისო პაქტი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე ზოგადი საერთაშორისო კონვენციაა, რომლის მაღალ დონეზე შესრულებაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ჯეროვან დაცვაზე მიუთითებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შემაჯამებელ ანგარიშს 23 ივლისს მიიღებს, რომელიც ქართულ მხარეს გამოეგზავნება.