შავი ზღვის მე-4 რეგიონულ კონფერენცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მიეძღვნა
2014-07-07 12:23:56კონფერენციაზე იმსჯელეს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელშეუხებლობაზე, კერძოდ კორესპონდენციის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა თუ სხვა სახის კომუნიკაციის ხელშეუხებლობასა და დაცულობაზე; ასევე, განიხილეს პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, შავი ზღვის რეგიონის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.
"შავი ზღვის მე-4 რეგიონულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თემის აქტუალურობას. მნიშვნელოვანია, როცა სასამართლო, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის და პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ სფეროში არსებობს, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში"" - ამბობს თამარ ქალდანი.
კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით.