პერსონალური მონაცემების დაცვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით
2014-06-26 12:00:042014 წლის 27 ივნისს, ევროპის კავშირი საქართველოსთან, მოლოდვასთან და უკრაინასთან ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებებს.
ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც აქცენტს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე აკეთებს და მის ხელმოწერა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.
შეთანხმება განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს პროგრესული რეფორმები. ხელმოწერის წინ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შიდა რეფორმების მხრივ ევროკავშირი და საქართველო ითანამშრომლებენ შემდეგი საკითხების განხორციელებაში: კანონის უზენაესობის ამაღლება, სასამართლო რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემის უზრუნველყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
ასოცირების შეთანხმება, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ავალდებულებს. როგორც ხელშეკრულების ტექსტშია აღნიშნული, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად.
ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით იღებს ვალდებულებას, გაიზიაროს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის სტანდარტი, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, მათ პრაქტიკაში დანერგვას, საზედამხედველო ორგანოს - ინსპექტორისა და მისი აპარატის ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას, ყველა კერძო და საჯარო ორგანიზაციის მიერ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების კანონიერ დამუშავებასა და დაცვას.
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დანაშაულის გამოძიების და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის დროს მონაცემთა დამუშავებაზე უნდა გავრცელდეს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი და გარე კონტროლის მექანიზმები.