ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის ბიურო (T-PD-BUR) სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მსჯელობს

2014-10-01 11:59:03

 

უკვე მეორე დღეა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის ბიუროს 33-ე სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი ესწრება.

ბიუროს სესიაზე განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ 108 კონვენციის მოდერნიზაცია, შრომით ურთიერთობებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის განახლება და ის გამოწვევები, რომლებიც სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაცვას ეხება.

განსახილველ საკითხთა შორისაა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვა ადმინისტრაციული და საგადასახადო მიზნებისთვის ქვეყნებს შორის მონაცემების გაცვლის დროს, ასევე გენეტიკური მონაცემების დამუშავებასა და ბიობანკთან დაკავშირებული საკითხები.

ბიუროს სესია ხვალ, 2 ოქტომბერს დაიხურება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტი არის ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ 108 კონვენციის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელშიც ევროპის საბჭოს 46 ქვეყანაა წარმოდგენილი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი ნინო სარიშვილი კომიტეტის ბიუროს წევრად 4 ივნისს, ერთხმად აირჩიეს.