თამარ ქალდანმა კომუნიკაციების მომხარებელთა ომბუდსმენს თამთა ტეფნაძეს აპარატის საქმიანობა გააცნო

2014-06-24 11:57:23

2014 წლის 24 ივნისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი კომუნიკაციების მომხარებელთა ომბუდსმენს თამთა ტეფნაძეს შეხვდა და მას აპარატის საქმიანობა გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ომბუდსმენის თანაშემწეები ალექსანდრე მშვილდაძე და ბელა დეველაშვილი, ასევე ინსპექტორის მოადგილე ნიკა ბრეგვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი.

საუბრის მთავარი თემა პირდაპირი მარკეტინგი და არასასურველი სარეკლამო შეტყობინები იყო. თამთა ტეფნაძის თქმით, პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება და მოქალაქეთა უკმაყოფილებაც იზრდება. თამარ ქალდანმა აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით მნიშნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის კერძო სექტორის მიმართ სრულად ამოქმედება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჯამად მხოლოდ ოფიციალური წერილობითი ფორმით არის შესაძლებელი შეტყობინებებზე უარის თქმა. „სწორედ ამიტომაც მთავრობას მივმართეთ საკანონმდებლობა ინიციატივით, რომლის მიღების შემთხევაშიც კანონი კერძო სექტორზე 2014 წლის ბოლოდან გავრცელდება, ასევე დაიხვეწება შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმებიც - შესაძლებელი იქნება მოკლე ტექტური შეტყობინებითვე უარის თქმა, ან ვებ-გვერდზე სიახლეების გამოწერაზე უარის თქმა" - აღნიშნა ინსპექტორმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ერთერთ აქტუალურ თემაზე, რომელიც მობილური ოპერატორების მიერ ჩანაწერების შენახვას შეეხება. ინსპექტორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მობილურმა ოპერატორებმა მოახდინონ ინფორმაციის მიზნის პროპორციულად შენახვა და მოქალაქეთა პირადი საუბრები და ტექსტური შეტყობინებები არ ინახებოდეს ისე ხანგრძლივად, როგორც ეს დღეს ხდება.

შეხვედრაზე ისაუბრეს ელექტრონული ფოსტების ბაზების გაყიდვის თემაზეც, რომლის შესახებაც ინსპექტორმა განცხადება 15 მაისს გაავრცელა.

თამარ ქალდანი და კომუნიკაციების მომხარებელთა ომბუდსმენს თამთა ტეფნაძე შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ გაფართოებულ შეხვედრას მობილურ ოპერატორებთან და სხვა ერთობლივი პროექტების ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლებენ.

ომბუდსმენმა დაათვალიერა აპარატის ოფისი, გაეცნო დეპარტამენტების ფუნქციებს და საქმიანობას. თამარ ქალდანის თქმით, მისთვის, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ეფექტური, მოქნილი და გამართული სისტემის შექმნა.