პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი კერძო სექტორის წარმომადგენლებს კონსულტაციებს სთავაზობს

2014-10-01 11:57:12

2014 წლის 1 ოქტომბერი

2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი 2014 წლის 1-ლი ნოემბრიდან სრულად ამოქმედდება კერძო სექტორის მიმართ. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლებამოსილება ენიჭება განიხილოს მოქალაქის განცხადება კერძო ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესახებ, ასევე მოქალაქის განცხადების ან საკუთარი ინიციატივით განახორციელოს ნებისმიერი ორგანიზაციის შემოწმება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

კერძო სექტორის მიერ პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, შენახვისა და გამოყენების მასშტაბის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ამ სექტორში მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა. ამ მიზნით, ინსპექტორის აპარატი გამოხატავს მზადყოფნას კანონის სრულად ამოქმედებამდე, ინტენსიური კონსულტაციების რეჟიმში, ხელი შეუწყოს ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ინსპექტორის აპარატი დაინტერესებულ ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც სატელეფონო, ასევე პირად, წერილობით და ონლაინ კონსულტაციებს.