„ქოლ-ცენტრში“განხორციელებული ზარების აუდიო-ჩანაწერების გასაჯაროება მოქალაქეთა უფლებებს ლახავს
2014-06-11 11:56:00გახშირდა ინტერნეტ სივრცეში კომპანიების „ქოლ-ცენტრში“ განხორციელებული ზარების აუდიო-ჩანაწერების გავრცელება. ჩანაწერთა უმრავლესობა გასართობი მიზნითაა გასაჯაროებული და ხშირ შემთხვევაში მოქალაქეთა სრული იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას სატელეფონო საუბრის ჩაწერა და ამ გზით პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს მკაფიოდ განსაზღვრულ კანონიერ მიზანს, ხორციელდებოდეს სამართლიანად, კანონიერად და არ უნდა ლახავდეს მოქალაქეთა ღირსებას.
ორგანიზაცია, რომელიც სატელეფონო საუბარს იწერს სერვისის გაუმჯობესების ან სხვა ლეგიტიმური მიზნით, ვალდებულია, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და მიიღოს ყველა ზომა მათი უკანონო გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს ყველა ორგანიზაციას:
მიიღონ სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები ჩანაწერების უსაფრთხო შენახვისა და უკანონო გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
გაამკაცრონ შიდა კონტროლი თანამშრომელთა მიერ ჩანაწერებზე წვდომასა და არამიზნობრივ გამოყენებაზე;
მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მათ მომსახურებასთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ჩანაწერების წასაშლელად, თუ არ არსებობს ჩანაწერის გავრცელებაზე მოქალაქის თანხმობა და ჩანაწერი იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას.
ჩანაწერებში იდენტიფიცირებული პირების უფლებების დასაცავად, ინსპექტორი თხოვს ინტერნეტ-მომხმარებლებს, თავი შეიკავონ მსგავსი ჩანაწერების შემდგომი ტირაჟირებისაგან.
მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ აუდიო-ჩანაწერების გავრცელებით მათი უფლებები შეილახა, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, მისამართი: თბილისი, აფაქიძის #15, ტელ: 242 1000