საქართველოს პარლამენტში ფარული მოსმენების თემაზე ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები მოისმინეს

2014-09-26 11:55:03

     

2014 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ე.წ. ფარული მოსმენების და მიყურადების საკითხზე ევროსაბჭოს ექსპერტების ჯოზეფ კანატაჩის და გრეჰემ სატონის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

თემის განხილვაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, სახალხლო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები სატელეფონო საუბრებზე პირდაპირი წვდომის და გარე კონტროლის მექანიზმების შესახებ, როგორ უნდა იყოს დაცული ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტერესს შორის.

    

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის განცხადებით, საჭიროა საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ადეკვატური რესურსები და კომისიის პოზიციების შეჯერება. საზედამხედველო ორგანოს პოზიციიდან, რომელიც ანგარიშვალდებულია საზოგადოების და პარლამენტის წინაშე, ვის ხელშიც უნდა იყოს ე.წ გასაღები, მნიშვნელოვანია ეფექტური კონტროლის მექანიზმები.

სამ საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც ასევე არის ფარული მოსმენების თემაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროპელ ექსპერტებთან, ჯოზეფ კანატაჩისა და გრეჰემ სატონთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე ბევრი საინტერესო და ახალი მოსაზრება გამოითქვა, რომლებიც შემდგომ კონსულტაციებს საჭიროებენ და სამუშაო პროცესი გრძელდება.