ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის ბიუროს წევრად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს
2014-06-04 11:52:19დღეს, 4 ივნისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტში ბიუროს არჩევნები გამართა. კომიტეტის 46 ქვეყნის წარმომადგენლებმა ბიუროს წევრად ერთხმად აირჩიეს საქართველოს დელეგატი ნინო სარიშვილი.
საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, ბიურო განახლებულ შემადგენლობაში შედიან შვეიცარიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და სერბეთის დელეგატები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტი არის ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ 108 კონვენციის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელშიც ევროპის საბჭოს 46 ქვეყანაა წარმოდგენილი.
ბიუროს წევრობა საქართველოს პერსონალურ მონაცემებთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის საერთაშორისო აღიარება და ასევე, მძლავრი საერთაშორისო ტრიბუნაა, იმის გათვალისწინებით, რომ ინსპექტორის აპარატს კომიტეტში საქართველოს წარმომადგენლობის უფლებამოსილება 8 თვის წინ მიენიჭა.
ბიუროს წევრობა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საქართველო უფრო ჩაერთოს პერსონალური მონაცემების დაცვის ევროპული სტანდარტების შემუშავებასა და დახვეწაში.
ნინო სარიშვილი პროფესიით იურისტია, იგი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აპარატში მისი შექმნის დღიდან მუშაობს და ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.