სტრასბურგში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის პლენარული სხდომა მიმდინარეობს
2014-06-02 11:50:192014 წლის 1 ივნისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ქალაქ სტრასბურგში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის (T-PD) სხდომა იმართება. სხდომაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპის საბჭოს 108 კონვენციის - პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ მოდერნიზაცია, შრომით ურთიერთობების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის განახლება, სამედიცინო მონაცემთა დაცვასა და სახელმწიფოთა შორის მონაცემთა ავტომატურ გაცვლასთან დაკავშირებული საკითხები.
კომიტეტის სხდომას მსოფლიოს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი ესწრება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ინსპექტორის აპარატს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების ფორმირების პროცესში და ასევე, ხდება უცხოური გამოცდილების გაზიარება.
4 ივნისს, სხდომის ბოლო დღეს, გაიმართება კომიტეტის ბიუროს არჩევნები.
სხდომას ესწრებიან ევროპის საბჭოს 108 კონვენციის - პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ - ხელშემკვრელი მხარეები და დამკვირვებელი ორგანიზაციები.