მოლდოველებმა ქართველ კოლეგებს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს
2014-09-19 11:48:46
2014 წლის 15-16 სექტემბერს მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საკითხებზე უწყებათშორისი კონსულტაციები გაიმართა.
საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო მოლდოვას მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იულიან გროზა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი შეხვდნენ მოლდოვას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს და იმსჯელეს EUROJUST-თან თანამშრომლობის, მონაცემთა მიმოცვლის, მონაცემთა უსაფრთხოებისა და დაცვის სტანდარტების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დასამყარებლად წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი და, შესაბამისად, საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის იმპლემენტაციის თაობაზე მეორე ანგარიშს ევროკომისია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც საქართველო შეუდგება სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.