1 სექტემბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება სამართალდამცავ ორგანოებზე გავრცელდება
2014-09-01 11:42:36
2014 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება და დღეიდან მისი მანდატი ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე, ხოლო კერძო სექტორის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს ინსპექტორი 1 ნოემბრიდან განახორციელებს.
საზედამხედველო ორგანოს ლეგიტიმაციის გაზრდის მიზნით, შეიცვალა ინსპექტორის დანიშნვის წესი, მომდევნო ინსპექტორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატიდან, ხოლო კანდიდატებს სპეციალური კომისია შეარჩევს.
საკანონმდელო ცვლილებების შედეგად, გაფართოვდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა წრე და გაიზარდა მათი დაცვის გარანტიები, შეიზღუდა და გამკაცრდა გენეტიკური მონაცემების დამუშავების წესი, დაიხვეწა ვიდეოთვალთვალის რეგულირება, ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიდეოთვალთვალის განხორციელება შეიზღუდება.
კანონპროექტი ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწასაც, 2014 წლის 1 სექტემბრიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომპანიას გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ მათთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა. თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე სათანადო რეაგირებას არ განახორციელებენ, 1 ნოემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებით მიმათონ ინსპექტორის აპარატს.
საკანონმდებლო ცვლილებები 2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებები შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში, 7 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტსა და პარლამენტის რეგლამენტში.