პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორი სტოკჰოლმის ინტერნეტ ფორუმში მონაწილეობს
2014-05-27 11:41:342014 წლის 27-28 მაისს, შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში, რიგით მესამე „სტოკჰოლმის ინტერნეტ ფორუმი 2014“ იმართება. ფორუმის წლევანდელი თემაა „ინტერნეტი - პირადი ცხოვრების დაცვა, გამჭვირვალობა, თვალთვალი და კონტროლი“.
ფორუმზე იმსჯელებენ ინტერნეტის გამჭვირვალობის და ღიაობის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური ზრდის, უსაფრთხოებისა და უშიშროების თემებზე. ასევე განიხილება ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა - როგორც თანამედროვე ეპოქის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ფორუმის ორგანიზატორების თქმით, კონსტრუქციული მსჯელობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვაზე, როგორც ინტერნეტ თავისუფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე, ასეთი აქტუალური არასოდეს ყოფილა.
ფორუმი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა ორგანიზებული და მასში მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან 91 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მომუშავე მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების - Human Rights Watch-ის, Google-ის, Ericsson-ის და სხვათა წარმომადგენლები.
ფორუმზე შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიწვევით იმყოფება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი. იგი ისაუბრებს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საქართველოს გამოცდილებაზე, ქვეყნის გამოწვევებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე.
სტოკჰოლმის ინტერნეტ ფორუმი პირველად 2012 წელს ჩატარდა. ადამიანის უფლებების პატივისცემა, ინოვაციურობა და გლობალური განვითარება - ეს კონფერენციის მთავარი გზავნილებია.