გახშირდა მოქალაქეთა პირადი მონაცემების კომერციული მიზნით გამოყენების ფაქტები
2014-05-15 11:34:55ბოლო პერიოდში გახშირდა მოქალაქეთა პირადი მონაცემების შემცველი ელექტრონული ბაზების გაყიდვის ფაქტები. მაგალითად ერთ-ერთი შეთავაზების თანახმად, 1 400 000 კერძო პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, ტელეფონის ნომრისა და მისამართის ღირებულება 100 ლარს შეადგენს, ხოლო 120 000 კერძო პირის ელ.ფოსტის მისამართების ფასი 70 ლარია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსადმი მსგავსი ფაქტებით შეშფოთებული მოქალაქეების მიმართვიანობა საგრძნობლად იზრდება.
პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზების ყველა პოტენციური მყიდველი ხდება მონაცემთა დამმუშავებელი, იგი ვალდებულია, დარწმუნდეს მონაცემთა მოპოვება/შეგროვების კანონიერებაში და უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა, მათ შორის მოქალაქის ინფორმირება, მისი მოთხოვნის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, უსაფრთხოება და სხვა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს მონაცემთა ბაზების მფლობელებსა და პოტენციურ შემძენებს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და თავიანთი საქმიანობა განახორციელონ კანონის ფარგლებში.