მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ისახავს მიზნად
2014-05-13 11:30:28კანონპროექტი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში კანონმდებლობის დახვეწას და მისი მიზანია საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ეფექტიანი საქმიანობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართ, ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნა.
კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება გენეტიკურ მონაცემებთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, აღკვეთის ღონისძიებასა და საპროცესო შეთანხმებასთან, დანაშაულის მსხვერპლად ან დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის გამარტივებულ მექანიზმებს. ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკვერებსა და პარკებში ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესსა და ქვეყნის გარეთ პერსონალური მონაცემების გადაცემის რეგულირებას.
2013 წლის ბოლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჯგუფი მიზნად ისახავდა ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
მინისტრთა კაბინეტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი პარლამენტში იქნება ინიცირებული.