პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის პირველი ანგარიში წარადგინა

2014-03-19 14:08:56

19 მარტს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ საზოგადოებისა და მედიისათვის ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ისაუბრა ანგარიშში ასახული ისეთი სისტემური ხასიათის პრობლემებზე, როგორიცაა მოქალაქეთა შესახებ არაპროპორციულად დიდი მოცულობითა და განუსაზღვრელი ვადით მონაცემთა დამუშავება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა, მონაცემთა უკანონოდ გასაჯაროება, სამართალმდაცავი ორგანოების მიერ ფარული მიყურადებისა და მოსმენების განხორციელებისას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის საფრთხე, ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას კანონის მოთხოვნათა დაუცველობა და სხვ.
ინსპექტორმა ასევე წარადგინა რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჯარო და კერძო სექტორში მონაცემთა შენახვის ვადების დადგენა და მონაცემთა ბაზებთან წვდომასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. პრეზენტაციის შემდეგ, ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.