პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა

2014-03-14 14:08:21

10-14 მარტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა ბაზებთან, ვიდეოთვალთვალის სისტემასთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან, ბიომეტრულ მონაცემთა შენახვა/დამუშავებასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სხვა თემები. ასევე, მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განიხილეს არქივის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე ძირითადი საკითხები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ორიენტირებულია საჯარო და კერძო დაწესებულებების ცნობიერების ამაღლებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, აპარატი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგები საჯარო მოსამსახურეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.