პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება ფაილური სისტემის კატალოგის წარმოებასთან დაკავშირებული შეტყობინების ფორმის შესახებ
2014-02-06 13:42:36„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყველა მონაცემთა დამმუშავებელი, რომელსაც აქვს ფაილური სისტემა (მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშიც მონაცემები დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, მაგალითად მონაცემთა ბაზა), ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი კატალოგი, რაც მოიცავს ფაილური სისტემის სტრუქტურისა და შინაარსის დეტალურ აღწერილობას. აღნიშნული კატალოგის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია სპეციალური შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
2014 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სკოლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, კერძო კომპანიების მიერ განხორციელებული შეტყობინება 1178-ს შეადგენს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ფაილური სისტემის კატალოგის შესახებ შეტყობინების ფორმის შევსების გამარტივების მიზნით, შეიმუშავა სპეციალური ინსტრუქცია, ხოლო განათლების სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად, სკოლებისთვის ცალკე მომზადდა რამდენიმე კატალოგის ნიმუში.
კვლავ გრძელდება შეტყობინებების მიღება და კონსულტაციები ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ, რომლის ელექტრონული სახით გაგზავნა შესაძლებელია მისამართზე: catalogues@pdp.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ (+995 32) 2146831 ან მოგვწეროთ office@pdp.ge