ევროკავშირის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად რეფორმების გატარება აუცილებელია

2014-02-06 13:40:19

ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტომ (European Union Agency for Fundamental Rights) 16 სახელმწიფოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოაქვეყნა ანგარიში - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საშუალებები ევროკავშირის ქვეყნებში.“ ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხშირია მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევა როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე კერძო ორგანიზაციების მიერ. უმეტეს შემთხვევაში, დარღვევები დაკავშირებულია ვიდეოთვალთვალის სისტემების გამოყენებასთან, პირდაპირ მარკეტინგსა და ინტერნეტის საშუალებით განხორციელებულ აქტივობებთან.

16 ქვეყნის მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების დარღვევის შემთხვევაში, უმეტესობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიმართავს და მათი ძირითადი მოტივაცია არა ფინანსური კომპენსაცია, არამედ განმეორებით ანალოგიური დარღვევის თავიდან აცილებაა. სასამართლოსადმი მიმართვა იშვიათად ხდება, რადგან სასამართლო წარმოება განიხილება როგორც ზედმეტად რთული და გრძელვადიანი, ასევე ხარჯებთან დაკავშირებული.

ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს დირექტორი, მორტენ კაერუმი ანგარიშში მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების წვდომის სიმარტივეზე, შეგროვებასა და მათ არამართლზომიერ გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას და თვლის, რომ დარღვევებზე სათანადო რეაგირების მოხდენის მიზნით, აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში რეფორმის გატარების აუცილებლობა და მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული ვითარების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. რეკომენდაციები ეხება:

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას;
იურისტების და სპეციალისტების ტრენინგებს;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა დამოუკიდებლობის ხარისხისა და უფლებამოსილების გაზრდას, მათთვის სათანადო რესურსის გამოყოფას;
დამოუკიდებელი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, რომლებიც დაეხმარებიან მოქალაქეებს დარღვეული უფლების აღდგენის პროცესში;
მტკიცების ტვირთის რეგულაციების და სამართლოსადმი/საზედამხედველო ორგანოსადმი მიმართვის პროცესის გამარტივებას.