პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეხმიანება

2014-01-10 13:33:41

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება იმ უწყებათა ჩამონათვალი, რომლებსაც კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ენიჭებათ გადასახადის გადამხდელებთან დაკავშირებული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიღების უფლება.

მონაცემებზე წვდომის მქონე უწყებათა წრის გაფართოების მიზანშეწონილობა და საჭიროება პარლამენტის მიერ უნდა შეფასდეს კანონპროექტის განხილვის ეტაპზე, თუმცა პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე დაზუსტდეს, რამდენად დასაბუთებული იქნება ინფორმაციის მოთხოვნა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რა ფორმით მოხდება ინფორმაციის მიწოდება, რა მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი გადასახადის გადამხდელთა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო საიდუმლოების შემცველ მონაცემებთან წვდომა არ ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში, ინფორმაციის მოთხოვნის ყოველი კონკრეტული შემთხვევა აღირიცხებოდეს, რაც, თავის მხრივ, შექმნის ინფორმაციის დაცულობის მეტ გარანტიას და მოქალაქეთა მიერ მათ შესახებ ინფორმაციის მიღების უფლების რეალიზების საშუალებას (მოქალაქის მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, მას უნდა ეცნობოს ვისზე და რა მიზნით გაიცა მის შესახებ ინფორმაცია).