ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ad hoc კომიტეტის (CAHDATA) პირველი სხდომა გაიმართა

2013-11-14 13:20:50

2013 წლის 12-15 ნოემბერს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ad hoc კომიტეტის (CAHDATA) პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ 108 კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები დაესწრნენ. მათ შორის, საქართველოდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ad hoc კომიტეტი 2013 წლის 10 ივლისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ 108 კონვენციის განახლების, კონვენციის დამატებითი ოქმის და მისი განმარტებითი ბარათის შემუშავების მიზნით. ევროპის საბჭოს 108 კონვენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელსაც შესასრულებლად სავალდებულო იურიდიული ძალა გააჩნია. მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ტექნოლოგიურმა პროგრესმა დღის წესრიგში დააყენა პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. კონვენციის მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციების სრულყოფას და ახალი, ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც შესაბამისობაში მოვა არსებულ რეალობასთან.