პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სასჯელაღსრულების სისტემაში ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელებისა და ჩანაწერების წარმოების საკითხის შესწავლა დაიწყო

2013-10-04 13:12:46

ბაჩო ახალაიას საკნის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სასჯელაღსრულების სისტემაში ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელებისა და ჩანაწერების წარმოების საკითხის შესწავლა დაიწყო.

მედია საშუალებებით გავრცელდა 2012 წლის ნოემბრის თვეში ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო თვალთვალის ამსახველი კადრები. გავრცელებული ვიდეო და აუდიო მასალა ეხება არა მხოლოდ ბაჩო ახალიას, ასევე მასთან საკანში შესულ სხვა პირებსაც.
ვიდეო და აუდიო თვალთვალის განხორციელების კანონიერების შესწავლის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიმართა როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მიხეილ ღურწკაიას, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სოზარ სუბარს და მოითხოვა როგორც ბაჩო ახალიას მიერ ვიდეო და აუდიო მონიტორინგის განხორციელებაზე გამოხატული თანხმობის ასლი, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზნით და რა სამართლებრივი საფუძვლით ხორციელდებოდა ვიდეო და აუდიო მონიტორინგი, იყვნენ თუ არა ვიდეო და აუდიო თვალთვალის განხორციელების შესახებ ინფორმირებული საკანში შემსვლელი სხვა პირები და რა ზომები გატარდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერების უსაფრთხოებისა და არამართლზომიერი ხელყოფისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.
გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე, პერსონალურ მონაცმეთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გეგმავს სასჯელაღსრულების სისტემაში ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელებისა და ჩანაწერების წარმოების საკითხის შესწავლას.