პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2013-09-12 13:12:06

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ციხისთავი-ხუციშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებსა და პროექტებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ტრენინგებისა და სემინარების განხორციელებისას მონაწილეობას მიიღებს მისი მანდატის შესაბამისი საკითხების განხილვაში.

საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეეძლება, ისარგებლოს სასწავლო ცენტრის თბილისისა და ყვარლის ოფისებით. იუსტიციის სასწავლო ცენტრი მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს კადრების შერჩევასა და მათ გადამზადებაშიც დაეხმარება. ცენტრი ორგანიზებას გაუწევს შესარჩევი კონკურსის წერით ეტაპს, ტრენინგებსა და სემინარებს თანამშრომელთათვის.