პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება მოქალაქეთა ტელეფონის ნომრების და ელექტრონული ფოსტის მისამართების კომერციული მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით
2013-08-23 13:05:49საქართველოში მოქმედი კომპანიები აქტიურად მიმართავენ პირდაპირ მარკეტინგს მოკლე ტექსტური (SMS) და ელექტრონული შეტყობინებების (E-mail) გაგზავნის გზით. ძირითადად, მობილური ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული ფოსტის მფლობელმა არ იცის, თუ როგორ მოხვდა მისი მონაცემები სარეკლამო და სავაჭრო კომპანიების ბაზაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დანიშვნის დღიდან, არაერთმა მოქალაქემ მიმართა სარეკლამო შეტყობინებების კანონიერების თაობაზე.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ინსპექტორი მოქალაქეებს განუმარტავს მათ უფლებებს, ხოლო კომპანიებს მოუწოდებს, იმოქმედონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სთავაზობს კონსულტაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კანონით პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ პერსონალური ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი) საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან არის მოპოვებული ან არსებობს მოქალაქის თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე.
მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, აცნობოს მოქალაქეს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და შექმნას ამ უფლების განხორციელების ქმედითი მექანიზმები. მოქალაქის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს მოთხოვნის მიღებიდან 10 დღეში.
ასევე, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, იცოდეს, თუ რა ინფორმაცია მუშავდება მის შესახებ და რა მიზნით, რა გზით შეგროვდა, ვისზე და რა საფუძვლით გაიცა მის შესახებ მონაცემები.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს: ტელ: (+995 32) 2146831; ელ–ფოსტა: office@pdp.ge