ინსპექტორი არჩევნების დღეს პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხმიანება

2018-11-28 11:27:11

 

ამომრჩეველთა სია და მასში არსებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და მათი დამუშავებისთვის საჭიროა კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობა და პრინციპების დაცვა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს საარჩევნო უბნებთან ხელთ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, საყურადღებოა და დამატებით შესწავლას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა ტიპის სიებს ეხება საქმე, როგორ მოხდა მათი მოპოვება და როგორ ხდება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გამოყენება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სთხოვს დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები და დამატებითი ინფორმაცია.
წინასაარჩევნო პერიოდში ინსპექტორის აპარატს დაწყებული აქვს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული 10-მდე სხვადასხვა საკითხის შეწავლა, მიმდინარეობს არაერთი მოქალაქის განცხადების განხილვა და მზად ვართ კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ რეაგირება ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ნებისმიერ ფაქტზე.