პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს კომპანიებს დროულად დანერგონ პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის ეფექტური მექანიზმი

2015-05-13 11:04:21

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს კვლავაც ბევრი მოქალაქე მიმართავს პირდაპირი მარკეტინგის საკითხზე, მათ შორის განპიროვნებული და დამტიცებული სესხის, განვადების, ვაუჩერისა თუ სხვა პროდუქტის შესახებ შეტყობინებების თაობაზე.
ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით ნებისმიერი სახის საქონლის, პროდუქციის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება ითვლება პირდაპირ მარკეტინგად და რეგულირდება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს შექმნან პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს კომპანიებს, დაიცვან კანონით დაკისრებული ვალდებულებები და მსგავსი ხასიათის შეტყობინებების გაგზავნისას მისცენ მოქალაქეებს პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის შესაძლებლობა.
ასევე, ვურჩებთ მოქალაქეებს, ყურადღებით გაეცნონ სარეკლამო შეტყობინებების შინაარსს, დააზუსტონ შეთავაზების პირობები და ის ვალდებულებები, რომლებიც შეთავაზების მიღების შედეგად წარმოიშობა.
მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ არ აქვთ სარეკლამო შეთავაზების მიღებაზე უარის თქმის საშუალება ან უარის თქმიდან 10 დღის განმავლობაში არ შეწყდა მათთვის შეტყობინების გაგზავნა, შეუძლიათ, მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, მისამართი: თბილისი, აფაქიძის #15, ტელ: 242 1000.