პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავებაზე
2014-09-01 11:02:192014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწას.
დღეიდან მოქალაქეებს საშუალება აქვთ კომპანიებს ნებისმიერ დროს მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ მათთვის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც განხორციელდა პირდაპირი მარკეტინგი.
თავის მხრივ, კომპანიები ვალდებულნი არიან მოქალაქის მიმართვიდან 10 სამუშაო დღეში შეწყვიტონ მონაცემთა დამუშავება, დანერგონ შეტყობინებაზე უარის თქმის გამარტივებული ფორმა (ნაცვლად წერილობითი განცხადებისა), მოქალაქეებს მისცენ საშუალება არასასურველი შეტყობინების მიღებაზე უარი თქვან იმავე ფორმით, რა ფორმითაც განხორციელდა მარკეტინგი ან გამოიყენონ სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება, მაგალითად მიუთითონ შესაბამისი სატელეფონო ნომერი ან ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა.
1 ნოემბრიდან ყველა მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა, შესაძლებლობა ექნება განცხადებით მიმათოს ინსპექტორის აპარატს, რადგან კანონის თანახმად, 1 ნოემბრიდან ინსპექტორის მანდატი სრულად ამოქმედდება კერძო სექტორის მიმართ.