პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი „რუსთავი 2“–ის საშუალებით გავრცელებულ ჩანაწერების ფაქტზე კომენტარს აკეთებს
2014-05-11 11:01:13პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აზრით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის საშუალებით 2014 წლის 10 მაისს გავრცელებული პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ბიზნესმენების პირადი და საქმიანი საუბრების უნებართვო ჩაწერასა და მიყურადების ფაქტზე უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგინდეს, რა ტექნიკური საშუალებებით, ვის მიერ და რა მიზნით ხორციელდებოდა ჩანაწერების მოპოვება.
ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიებისა და მექანიზმების უზრუნველსაყოფად.
ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მასალის შემდგომი ტირაჟირებისგან იმ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, ვისი ჩანაწერიც გავრცელდა, მითუმეტეს მაშინ, როცა სატელეფონო საუბრებში გარდა თანამდებობის პირებისა, მონაწილეობენ კერძო პირები.