პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საარჩევნო მორატორიუმთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს
2014-04-16 10:52:572014 წლის 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი გამოცხადა.
არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად და მორატორიუმით დასახული მიზნის მისაღწევად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს რეკომენდაციით მიმართა, კომისიას წარუდგინონ წინასაარჩევნო კამპანიაში უშუალოდ ჩართულ პირთა სია.
პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის თანახმად, პირის პოლიტიკური შეხედულება წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. პოლიტიკურ პარტიებს მათი წევრებისა და აქტივისტების შესახებ შეგროვებული ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა ეკრძალებათ, პირის თანხმობის გარეშე. (საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 6.3 მუხლი).
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს და მოუწოდებს უწყებათაშორისი კომისიისთვის სიის მიწოდებამდე უზრუნველყონ სიაში მყოფი ყველა პირის სათანადო ინფორმირება და მათგან წერილობითი თანხმობის მოპოვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სიაში მყოფი პირი უკვე ოფიციალურად დასახელდა კანდიდატად ან თავად გახადა საჯარო მისი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში.