პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება ე.წ. „ფიფლმეტრების“ თემაზე
2014-05-10 10:51:49საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 2014 წლის 8 მარტს გაავრცელეს საჯარო განცხადება შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის „თი-ვი ემ-არ საქართველოში“ შემოწმების ფარგლებში ე.წ. „ფიფლმეტრების“ აღრიცხვის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციები ნეგატიურად აფასებენ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან იმ ოჯახების მისამართების მოთხოვნას, სადაც ეს მოწყობილობებია განლაგებული და მოუწოდებენ ინსპექტორს რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, კომპეტენციის ფარგლებში, დეტალურად შეისწავლოს საკითხი და კონსულტაცია გაუწიოს როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე კომპანიას „თი-ვი ემ-არ საქართველოში“. პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, დაუკავშირდეს ინსპექტორის აპარატს მისამართზე: აფაქიძის ქ. 15; ტელ.: (+99532) 242 1000; (+99532)2146831, office@pdp.ge.
ამასთან, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ 9 მარტს ე.წ „ფიფლმეტრების“ თემაზე გავრცელებული სიუჟეტიდან იკვეთება, აღნიშნული საკითხი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის გარდა, უკავშირდება კომერციულ და საგადასახადო საიდუმლოებას. შესაბამისად, ინსპექტორი პროცესში ჩართულ მხარეებს ურჩევს, კონსულტაციისთვის მიმართონ ასევე საგადასახადო ომბუდსმენს.