„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში საინფორმაციო შეხვედრა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა

2024-02-12 13:08:55
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საჯარო სექტორის წარმომადგენელთათვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის 88-ე მულის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და მათთან დაკავშირებული გაიდლაინების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნა.
შეხვედრაზე დამსწრე პირებს წარედგინათ სამსახურის უფროსის მიერ 2024 წლის 1 მარტამდე გამოსაცემი შემდეგი ნორმატიული აქტების პროექტები:
• „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი“;
• „მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესი“;
• „იმ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, განსაზღვრონ /დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი“.
პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების პროცედურაზე და განიმარტა, რომ მათი მომზადებისას სამსახურმა „ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს“ (EDPB) მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი გაიდლაინებთა და საუკეთესო პრაქტიკით იხელმძღვანელა.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები „ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ“.  

გაიდლაინების წარდგენის ფარგლებში დეტალურად იქნა განმარტებული ახალი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის და მისი ფუნქციების გარშემო, ასევე მიმოხილულ იქნა მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/უფლებამოსილი პირის ვალდებულებები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის აღმოჩენისა და სამსახურისათვის შეტყობინების შესახებ. დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე განემარტა, რომ წარმოდგენილი გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და დაინტერესებული პირების შესაბამისი მოსაზრებების გათვალისწინებით განახლდება პერიოდულად.
შეხვედრას საჯარო სექტორის 200 წარმომადგენელი ესწრებოდა.