8 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის დღეა

2023-02-08 11:32:22
 

21-ე საუკუნეში, უსაფრთხო ინტერნეტის არსებობა ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ერთ-ერთ აუცილებელი წინაპირობაა. ონლაინ მაღაზიები, სოციალური ქსელები, ე.წ. ჭკვიანი მოწყობილობები და ჩვენს ყოველდღიურობაში არსებული მრავალფეროვანი ინტერნეტ აქტივობები განუსაზღვრელი რაოდენობით ამუშავებს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს. ამავდროულად, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციაზე წვდომის უფლება სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების საფუძველია.
 განვითარების ფსიქოლოგია ადასტურებს, რომ ინტერნეტ სივრცეში მოზარდები შესაძლოა უფრო აქტიურები და შესაბამისად, რისკის ჯგუფში მოხვედრის მაღალ ალბათობაში იყვნენ.
პერსონალური მონაცემების ინტერნეტის მეშვეობით დამუშავების დღეს არსებული მასშტაბებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა მონაცემთა დამმუშავებლების მიმართ, იქნება ეს საჯარო თუ კერძო დაწესებულება, ან თუნდაც ფიზიკური პირი. აღნიშნული ნდობა კი სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეფუძნება.
 ინტერნეტში მონაცემთა დამუშავებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიცაა მონაცემთა მინიმიზაცია, კონკრეტული, მკაფიო და კანონიერი მიზნობრიობა, შეზღუდული ვადით შენახვა და სხვა. უნდობლობა მონაცემთა დამმუშავებლების მიმართ იწვევს გარკვეულ შიშს და ინტერნეტით სარგებლობისგან თავის არიდებას.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მონაცემთა დამუშავება არა მხოლოდ სარგებლის მომტანია, არამედ მას დიდი პასუხისმგებლობა სდევს თან.
  • უსაფრთხო ინტერნეტის უზრუნველსაყოფად იცოდეთ რომ:
  • არასოდეს ჩამოტვირთოთ ფაილები საეჭვო ვებ-გვერდებიდან;
  • არასოდეს გასცეთ პერსონალური ინფორმაცია ელ-მიმოწერით;
  • გამოიყენეთ რთული და სხვადასხვა პაროლები;
  • გამოიყენეთ ორმაგი ავტორიზაციის ფუნქცია;
  • დაბლოკილ მდგომარეობაში დატოვეთ თქვენი ელექტრონული მოწყობილობების ეკრანი;
  • ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ვებგვერდის პანელი იწყებოდეს https-ით და არა http-ით;
  • არ დააიგნოროთ გამაფრთხილებელი შეტყობინება;
  • არ დაამახსოვრებინოთ ვებბრაუზერს პაროლები და სხვა მონაცემები.