მსოფლიო პრაქტიკა - ნიდერლანდების სამეფოს საზედამხედველო ორგანომ ბავშვთა მონაცემთა დაცვის უფლების დარღვევისთვის კომპანია Tik Tok 750 000 ევროთი დააჯარიმა
2021-08-24 09:43:58ჰოლანდიელი მომხმარებლების მიერ Tik Tok-ის მობილურში გადმოწერისას, აპლიკაციაში კონფიდენციალობის შესახებ ინფორმაცია ჰოლანდიურის ნაცვლად, ინგლისურ ენაზე იყო ხელმისაწვდომი, რაც ბავშვებისთვის გაუგებარი იყო. შესაბამისად, კომპანიამ ბავშვებს ვერ მიაწოდა ინფორმაცია მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შესახებ. ეს კი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის იმ პრინციპის დარღვევაა, რომლის თანახმადაც მონაცემთა სუბიექტებს უფლება აქვთ იცოდნენ, როგორ მუშავდება მათი მონაცემები.
3.5 მილიონამდე მომხმარებლით, Tik Tok ნიდერლანდების სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. ამ მომხმარებელთაგან კი დიდი ნაწილი სწორედ ბავშვები არიან, რომლებიც, კანონის თანახმად, საზოგადოების განსაკუთრებულად მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან. მათ ნაკლები იციან, რა მოჰყვება მათ ქმედებებს, მათ შორის, მათ მიერ სოციალურ ქსელში მონაცემების გაზიარებას. სწორედ ამიტომ არიან ბავშვები განსაკუთრებულად დაცულნი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის საფუძველზე.
გასულ წელს საზედამხედველო ორგანომ აპლიკაციის შესახებ სიღრმისეული გამოძიება ჩაატარა, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა წუხილები ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. გამოძიების შედეგები საზედამხედველო ორგანომ კომპანიას გაუგზავნა, რომელმაც აპლიკაციაში არაერთი ცვლილება განახორციელა, რათა ის 16 წლამდე ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო ყოფილიყო. მაგალითად, ცვლილებების შედეგად, მშობლებს თავიანთი შვილების ანგარიშის კონფიდენციალობის პარამეტრების მართვა შეუძლიათ. თუმცა, ერთ-ერთი პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება - ანგარიშის შექმნისას ბავშვებს შეუძლიათ იცრუონ, რომ ზრდასრულები არიან. ამით კი თავს დიდი რისკის ქვეშ აყენებენ.
პანდემიის პირობებში Tik Tok-ის მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წელს მოამზადა და საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც Tik Tok-ის მოხმარებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.